"პრეზიდენტმა ჟურნალისტები შეურაცხყო" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა ჟურნალისტები შეურაცხყო"

"ალიანსი საქართველოსთვის" ცინიკურსა და ქართველ ჟურნალისტთა კორპუსისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან 17

თებერვალს, ლონდონში გამოსვლისას გააკეთა.

"პრეზიდენტის განცხადება, რომ მთავრობა მედიის თავისუფლების ერთგული რჩება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოში შექმნილ ვითარებას, - განაცხადა სოზარ სუბარმა, - 7 ნაციონალურ სიხშირეზე მაუწყებელ არხებს ხელისუფლება აკონტროლებს, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა სატელევიზიო არხების მფლობელთა ვინაობა, რეგიონებში მოქმედი ტელეკომპანიების უმრავლესობა ხელისუფლებასა და ""ნაციონალურ მოძრაობასთან" ახლო კავშირში მყოფ პირებს ეკუთვნით, ამიტომ მსგავსი განცხადებები თვალში ნაცრის შეყრაა როგორც საერთაშორისო საზოგადოებრიობის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის".

"ალიანსის" თანათავმჯდომარის ინფორმაციით,  პრეზიდენტის განცხადება, რომ ქართულ მედიას ობიექტურობა და პროფესიონალიზმი აკლია, შეურაცხმყოფელია.

"პროფესიონალიზმის გამოვლენის საშუალება ნამდვილად ვერ მიეცემათ იმ ჟურნალისტებს, რომელთაც არ ეძლევათ ხელისუფლების პირველი პირებისთვის კითხვების პირდაპირ და დამოუკიდებლად დასმის საშუალება, რომელთაც არა აქვთ უფლება, დამოუკიდებლად მოამზადონ სიუჟეტები, იქონიონ გაუკონტროლებელი საავტორო გადაცემები და ტოქშოუები", - აღნიშნა სუბარმა.