"ქუმარიტაშვილი საქართველოსთვის დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"ქუმარიტაშვილი საქართველოსთვის დაიღუპა"

ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანში, მაცხოვრის შობის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სპორტისა და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ოპოზიციიდან კი "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი გიორგი ახვლედიანი.

"დღეს ყველა დავემშვიდობეთ სპორტსმენს, რომელსაც შეიძლება, ათი დღის წინ არავინ იცნობდა, ახლა კი გაიცნო ყველამ, რადგან საქართველოსთვის დაიღუპა. მხოლოდ ბრძოლის ველზე არ იღუპებიან ქვეყნისთვის", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. ნიკა რურუას განცხადებით კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს მისცა უფლება, ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სპორტული კომპლექსი აშენდეს, სადაც ბავშვები ნოდარ ქუმარიტაშვილის საქმეს გააგრძელებენ.

დეპუტატ გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. "უნდა გაირკვეს ტრაგედიის მიზეზები: ვინ გააკეთა ეკონომია სპორტსმენების სიცოცხლის ხარჯზე. ამის დადგენა ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს სჭირდება", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.