ოპოზიციამ სააკაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადა, რომ 2010 წელი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება.

გამოსვლისას მისი თქმით, საქართველოს მთავრობას მთავარი აქცენტი ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აქვს გადატანილი და მიმდინარე წელს ეკონომიკის მინიმუმ 3%-ით ზრდაა ნავარაუდევი. პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ნატვრაც გაამხილა: საქართველომ ამ გაზაფხულზეც მოინდომოს და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს ისე, რომ დამარცხებულმა გამარჯვებულს მიულოცოს და ცივილური ოპონირება გაუწიოსო. ეს პროცესი კი, პრეზიდენტის სურვილის თანახმად, ჭექა-ქუხილის მოლოდინში და
წინასწარი პროტესტების ფონზე არ უნდა წარიმართოს.

პრეზიდენტის გამოსვლა გააკრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციამ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ქვეყნის მოდერნიზაციაზე ისაუბრა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მოდერნიზაცია დემოკრატიის ხარჯზე მოხდა. ამასთან, პრეზიდენტს არაფერი უთქვამს ახალი ეკონომიკური ინიციატივების შესახებ.

თარგამაძისთვის გაუგებარია, რომელი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე
ისაუბრა პრეზიდენტმა, როცა სოფელში ყველაზე მდიდარ ადამიანად ის ითვლება, ვისაც 80 ლარის ოდენობის პენსია აქვს. - ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა 100 ახალი საავადმყოფოს პროგრამის ჩაფლავება თავად აღიარა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი აღიარება საკმარისი არ არის და უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ერთადერთი შემხვედრი ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით რეგიონული ტელეკომპანიების საგადასახადო ამნისტირება იყო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?