იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს - კვირის პალიტრა

იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა კოჯორში იუნკერების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მემორიალთან მივიდნენ ზურაბ აბაშიძე,

ვიქტორ დოლიძე, პარტიის სხვა წევრები და ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები.

"მათი დაღუპვის დღე უკავშირდება იმ დღეს, როდესაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ დასრულებულა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. "ჩვენი პარტია ქედს იხრის ამ ადამიანთა წინაშე; ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში დგომას იმ პრინციპების ერთგულებით, რომლებსაც ახალგაზრდა იუნკერები ერთგულებდნენ", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

იმავე დღეს "ქრისტიან-დემოკრატებმა" ქართველ იუნკერთა მემორიალთან ქართველ იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

კოჯორში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგმაძე და მათი მერობის კანდიდატი გია ჭანტურიაც იმყოფებოდნენ.

როგორც გია ჭანტურიამ განაცხადა, ისინი პატივს მიაგებენ ქართველი ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე არ დაიშურეს ქვეყნისთვის.

გიორგი თარგამაძის თქმით კი, ქართველი იუნკერები სამაგალითო გმირებად რჩებიან დღევანდელ საქართველოშიც. იუნკერები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო მონსტრის წინააღმდეგ, როგორ ვაჟკაცურად და როგორ მედგრად დაუხვდე გარედან მოსულ აგრესიასა და ოკუპაციას.