პატიმარი ალისაგან გაიგუდა - კვირის პალიტრა

პატიმარი ალისაგან გაიგუდა

6 მარტს 18.30 საათზე ქსნის კოლონიაში ბარაკის ტიპის საკანში ხანძარი გაჩნდა; ცეცხლი არ გავრცელებულა დახურული ტიპისა და ტუბერკულოზიანი პატიმრების

კორპუსებზე. წინასწარი ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. დაიღუპა პატიმარი, 1966 წელს დაბადებული ბესარიონ ავსაჯანიშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, იგი ინვალიდი იყო, საკნიდან დროულად გასვლა ვერ მოახერხა და ალისაგან გაიგუდა.

ქსნის კოლონია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დაათვალიერა. კოლონიაში იყვნენ ასევე პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი და ეკა ხერხეულიძე.

როგორც ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, 500-მდე პატიმარს, რომლებიც თავშესაფრის გარეშე დარჩნენ, ორ კვირაში ახალ კორპუსში გადაიყვანენ.

"ვწუხვარ, რომ ხანძარს პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ხანძრის დროულად ლიკვიდაციისთვის ყველაფერი გაკეთდა.  კოლონიის თანამშრომლებმა ინციდენტის ადგილიდან პატიმრების ევაკუაცია მოკლე დროში შეძლეს", - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.

კოლონიაში დაიწვა 400 კვმ ფართი. კერძოდ, ბარაკი და სასადილო, რომელსაც საცხოვრებლად იყენებდნენ.

დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას თქმით, მან პირადად მოინახულა 2900 პატიმარი და თითოეული მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, მსჯავრდადებულებს ოჯახებთან სატელეფონო საუბრების უფლებაც მიეცათ.