პრეზიდენტი აღშფოთდა, თუმცა... - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი აღშფოთდა, თუმცა...

13 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" "სპეციალურმა რეპორტაჟმა" საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. რეპორტაჟმა მორიგი ომის დაწყება გვამცნო.

შემაძრწუნებელი კადრების შემდეგ პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, "იმედის" იმიტირებულმა გადაცემამ საქართველოს პრეზიდენტი აღაშფოთა. "მედია თავისუფალია და ჟურნალისტებსაც აქვთ თავისუფლება, თუმცა, სტანდარტები დაცული უნდა იყოს. "როდესაც მსგავსი გადაცემა კეთდება, აუცილებელია, ეთერში მსვლელობისას გამაფრთხილებელი წარწერა იყოს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.  მანანა მანჯგალაძე გადაცემის ერთ კონკრეტულ დეტალსაც გამოეხმაურა, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ  თითქოს ქართული არმიის ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი ძალზე შეურაცხმყოფელია იმ ჯარისკაცებისთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა.

14 მარტს, ბოლნისში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რაც მოხდა, არასასიამოვნო იყო, მაგრამ საყვედურების ნაცვლად კინაღამ შეაქო სპეციალური გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი. ამასთან, პრეზიდენტმა კატეგორიულად დაგმო ქართველ პოლიტიკოსთა მოსაზრება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ. ეს გაუმართლებელია, რადგან ამ ფურცელზე გამთლიანებული საქართველო არ იგულისხმებაო.