ცაგერის რაიონში ოთხი დღე გადაუღებლად წვიმდა - კვირის პალიტრა

ცაგერის რაიონში ოთხი დღე გადაუღებლად წვიმდა

წვიმებმა და ქარიშხლებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა ცაგერის რაიონს.

სოფელ ორბელში მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო ხუთი მოსახლის გასახლების საკითხი აქტუალური გახდა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალისტების შეფასების შემდეგ მიიღება.

მეწყრის შედეგად ჩაწყვეტილია ალპანა-ცაგერის გზის მონაკვეთი. სოფელ ლაჯანაში კი, ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა 14 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა.

ცაგერის რაიონში ოთხი დღე გადაუღებლად წვიმდა, რამაც მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.