სიცრუეთა" ათეულში პირველი ვართ - კვირის პალიტრა

სიცრუეთა" ათეულში პირველი ვართ

გაზეთმა "TIME" "შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეული" გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე 13 მარტის "მოდელირებული "ქრონიკა" აღმოჩნდა. რედაქციის შენიშვნაში

ნათქვამია, რომ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ "შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეულის" შედგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც  ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ "ქრონიკას" საქართველოში პანიკა მოჰყვა.

"საქართველოს მოსახლეობამ მძიმე შოკი მას შემდეგ განიცადა, რაც პროსახელისუფლებო არხმა "იმედმა" 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 თვის შემდეგ რუსული არმიის საქართველოში განმეორებით შემოჭრა აცნობა. ამ ექსცენტრიკული ტყუილის პატივსაცემად "TIME"-მა ისტორიაში ყველაზე აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი სიცრუის ათეული შეადგინა", - ნათქვამია რედაქციის შენიშვნაში.

"შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეულში" მოდელირებული "ქრონიკა" ისეთ მოვლენებს უსწრებს, როგორებიც არის 1999 წელს ცენტრალური ორეგონის შტატის რადიოეთერით გავრცელებული კაშხლის დანგრევის შესახებ ინფორმაცია, რამაც თითქოს წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია; ასევე,  1938 წელს ორსონ უელსის რადიოადაპტაციაც, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ (იხ. გვ. 16).