მაია ფანჯიკიძე ელჩობიდან გაათავისუფლეს
"მაია ფანჯიკიძე ელჩობიდან ჩემთან ნათესაური კავშირის გამო გაათავისუფლეს", - განაცხადა "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომლის
თქმით, მაია ფანჯიკიძე ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატი იყო ბოლო წლების განმავლობაში.
"მაიას როტაციული წესით ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გამორიცხული არ არის, ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს", - განაცხადა ალასანიამ. ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი მაია ფანჯიკიძე, რომელიც დიპლომატიურ სარბიელზე 16 წელი საქმიანობდა, თანამდებობიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაათავისუფლეს.
გადაყენების საბაბად ჰოლანდიაში ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნისა და მისი მეუღლის ამასწინანდელი დაპატიმრებისადმი ელჩის უყურადღებო დამოკიდებულება სახელდება, ხოლო არაოფიციალურ მიზეზად ირაკლი ალასანიასთან მისი ახლო ნათესაური კავშირი.