ნოღაიდელი გაპლუსდა?! - კვირის პალიტრა

ნოღაიდელი გაპლუსდა?!

"ალიანსის" ფორმულა - "ყველას მინუს ნოღაიდელი" დასრულდა. ალასანიას პარტიის თანათავმჯდომარე სოზარ სუბარისათვის ზურაბ ნოღაიდელი მისაღები ხდება.

სუბარი "ეროვნულ საბჭოსთან" შესახვედრად ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მივიდა, შეხვედრის შემდეგ კი უწინდელივით აღარ განუცხადებია, რომ ნოღაიდელი მისთვის მიუღებელია.

"ამ ქვეყნისათვის მთავარი საფრთხე მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაა". გამარჯვების ფორმულა ყველა ოპოზიციური ძალის შეთანხმებაა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუბარსა და ალასანიას შორის უთანხმოებაა, სუბარს ალასანიას მოქმედების ტაქტიკა არ მოსწონს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით კი "ეროვნულ საბჭოსთან" შეხვედრაზე სუბარმა ალასანია მწვავედ გააკრიტიკა. ამის თაობაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია ირაკლი ალასანიას, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.