9 აპრილიდან 21 წელი გავიდა - კვირის პალიტრა

9 აპრილიდან 21 წელი გავიდა

პარლამენტის შენობის წინ, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან,  21 წლის შემდეგ, 9 აპრილის ღამეს სიმბოლური აქცია გაიმართა.

ათეულობით ადამიანმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაცემულ გმირებს პატივი მიაგო. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილებს სანთლები დაუნთეს.

პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ 21 წლის წინანდელი მანიფესტაციების მონაწილეები, ამ დღეს გარდაცვლილთა ოჯახების წევრები და მეგობრები, იმდროინდელი ეროვნული მოძრაობის წევრები, აფხაზეთის ომის მონაწილეები, ვეტერანები, სხვადასხვა ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების, კერძოდ, "რესპუბლიკური" და "კონსერვატიული პარტიების", "ქართული დასის", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა" და "ტრადიციონალისტთა პარტიის" ლიდერები.

ღონისძიების დასასრულს, დაახლოებით ღამის 4 საათის შემდეგ, იმ დროს, როდესაც 21 წლის წინ მანიფესტანტების მასობრივი დარბევა და სისხლის ღვრა დაიწყო, ანდრია პირველწოდებულის ტაძრის წინამძღოლმა მამა დავითმა 9 აპრილის გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.