"სატყუარა კაჩინსკისთვის" - კვირის პალიტრა

"სატყუარა კაჩინსკისთვის"

ვალერია ნოვოდვორსკაია - სმოლენსკის ტრაგედია უბედური შემთხვევის კარგად დაგეგმილი ინსცენირება იყო

რუსეთს არ შეეძლო არ ესარგებლა პოლონეთის პრეზიდენტის კატინში დაგეგმილი ვიზიტით. პოლონეთის დელეგაცია რუსეთის ტერიტორიაზე საბჭოთა თვითმფრინავით არ უნდა შემოფრენილიყო. ყოვლად დაუშვებელი იყო პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაცვის სამხედრო  თვითმფრინავების გარეშე რუსეთში ფრენა. არ შეიძლებოდა მიგდებულ სამხედრო აეროდრომზე დაშვების განხორციელებაზე ფიქრიც კი.

არ შეიძლებოდა ერთ თვითმფრინავში მთელი პოლიტელიტის  ჩაჯდომა და  რუსეთის საჰაერო სივრცეში კონტროლისა და პრესის გარეშე შემოფრენა.

მომხდარის წინა დღეებში რუსულ ტელეარხ "კულტურაზე" კატინის ტრაგედიის შესახებ პოლონელი რეჟისორის ვაიდას ფილმის (ნაჩვენები იყო, როგორ აღიარებს პუტინი რუსეთის კატინის ტრაგედიაში მონაწილეობას. რუსი უფლებადამცველის აზრით, ეს იყო სპეციალურად გაკეთებული ფილმი, რომ რაც შეიძლება მეტი პოლონელი პატრიოტი გამგზავრებულიყო კატინში - ავტ.) ჩვენება სატყუარა იყო იმისთვის, რომ პოლონეთის სამთავრობო დელეგაციაში რაც შეიძლება მეტი ხალხი ყოფილიყო. აი, რით მთავრდება კრემლის საუბრები დიდ სამამულო ომში ერთობლივ გამარჯვებაზე.

აი, რით მთავრდება თამაშები რუსეთთან და სიცრუესთან. სხვათა შორის, კრემლი კაჩინსკის იმასაც ვერ ჰპატიობდა, რომ იგი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესებს თავგანწირვით იცავდა.

- თქვენი ლოგიკით, იუშჩენკოს პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების, კაჩინსკის მოკვლის შემდეგ, კრემლის შემდეგი სამიზნე საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილია?

- ამას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს. საქართველოს ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც მოფერებით "ვანიჩკას" ეძახიან და ვიმედოვნებ, ბატონი ვანო მიხეილ სააკაშვილს ისეთ თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლებას არ მისცემს, რომელიც რუსეთში იქნება დამზადებული. იმედი მაქვს, ბატონი ვანო უფლებას არ მისცემს სააკაშვილს რუსეთის ტერიტორიაზე დაცვის გარეშე იფრინოს და რუსულ სამხედრო აეროდრომზე დაჯდომა გადაწყვიტოს. საქართველომ უნდა იცოდეს და არასოდეს დაივიწყოს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია.

"ინტერპრესნიუსი", კობა ბენდელიანი