ილია II-მ პოლონელ ხალხს მიუსამძიმრა - კვირის პალიტრა

ილია II-მ პოლონელ ხალხს მიუსამძიმრა

უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ პოლონელ ხალხს მიუსამძიმრა: "სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის,

მთელი ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს, უნეტარეს საბას და მთელ პოლონელ ერს უმაღლესი სამთავრობო დელეგაციის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელიც კატინში დახვრეტილ პოლონელ ოფიცერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიემართებოდა".

პოლონელი ხალხისათვის სამძიმრის გამოსაცხადებლად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდებოდა მოქალაქეთა ნაკადი, "ევროპულ სახლში" კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სადაც გამოფენილია აგვისტოს ომის დროს საქართველოში ლეხ კაჩინსკის ვიზიტის ამსახველი ფოტოები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ლეხ კაჩინსკი საქართველოს ყოველთვის გვერდით ედგა. "პოლონეთმა დაკარგა ლიდერი, ევროპამ დაკარგა სახელმწიფო მოღვაწე, საქართველომ კი - დიდი მეგობარი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით,  შავი ზღვის ქუჩას პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი მიენიჭება.