აქციის მონაწილეებმა პროსპექტი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა პროსპექტი გადაკეტეს

რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტთან, ე.წ. უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები,  მანანა არჩვაძე-გამსახურდია, მისი მხარდამჭერები  და ადვოკატები.

აქციის მონაწილეებმა ორი მოთხოვნა წამოაყენეს: შეწყვიტოს ხელისუფლებამ მოქალაქეების პოლიტიკური დევნა და დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლება კანონით დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები უფრო მასშტაბური და პერმანენტული გახდება.

ეკა ბესელიას განცხადებით, უკანონო პატიმრები ის თემაა, რომელმაც ყველა უნდა გააერთიანოს. აქციაზე "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელმა კახა კუკავამ  განაცხადა, რომ  ციხეებში მასშტაბური შიმშილობა მიმდინარეობს. უკვე მეათე დღეა, საპყრობილეში შიმშილობს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი მელორ ვაჩნაძე, რომელიც, მისი თქმით, უკანონო პატიმარია.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილი ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ეკა ბესელია, ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი, სოზარ სუბარი, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და ლიდერი.