ხელისუფლება დაძაბული ფონის შექმნას ცდილობს - კვირის პალიტრა

ხელისუფლება დაძაბული ფონის შექმნას ცდილობს

ინტერნეტში ქართველი მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა "ალიანსი საქართველოსთვის"

ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. საუბრების მთავარი თემა თბილისში კავკასიელი ხალხების შეკრების ორგანიზება და საქართველოს პარლამენტის მიერ კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების მომზადებაა. ჩანაწერების თანმდევი ტექსტის მიხედვით, დიალოგები გასული წლის 11-15 დეკემბერს შედგა.

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ  ბათუ ქუთელიასა და ვანო მერაბიშვილს  შორის საუბრის ამსახველი ახალი სატელეფონო ჩანაწერი ავთენტიკურია.

"მაინტერესებს, რა რეაქცია მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერს. დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი ავთენტიკურია, ნამდვილია, მაგრამ ამას სჭირდება საექსპერტო დასკვნა. ზოგადად, ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც 13 მარტის გადაცემას მოჰყვა, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული,  წინასაარჩევნოდ დაძაბული ფონი შექმნას და ასეთი მანიპულაციით დააშინოს ხალხი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საფრთხე გაზრდილია და ნებისმიერი საპროტესტო ტალღა, რომელიც შეიძლება გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვეს, პრორუსული ძალების ნაბიჯებად იქნება შერაცხილი.

"დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას. ეს ჩანს ყოველდღიურ შეხვედრებში საზოგადოებასთან. მათ სურთ ცვლილებები, აღარ შეუძლიათ ამ პირობებში ცხოვრება და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, 30 მაისს მიიღებენ გადაწყვეტილებას და სწორ განაჩენს გამოუტანენ ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.