"მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ერთი გუნდი მუშაობს და მოსახლეობამ სწორედ მის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი.

"ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ეს არის დასაწყისის დასაწყისი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვდგავართ სწორ გზაზე. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს სხვადასხვა დონის არჩევნებში. ყველა თბილისელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, არის თუ არა თბილისი იმაზე უკეთესი, ვიდრე 4 წლის წინ იყო, მოსწონს თუ არა აღმშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს; უნდა თუ არა   იცხოვროს იმ ქალაქში, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული ევროპის ქალაქებს შორის; უნდა  თუ არა ჰქონდეს უკეთესი მომავალი. თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს "ნაციონალურ მოძრაობას" და თბილისში გიგი უგულავას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი კანდიდატის დაპირება იაფი ბუნებრივი აირისა და უფასო წყალმომარაგების შესახებ არარეალურია და ამომრჩეველმა ობიექტური არჩევანი უნდა გააკეთოს. სააკაშვილმა ასევე მოიხსენია, მერობის სხვა კანდიდატები: "არიან კანდიდატები, რომლებიც დაბერავენ ლამაზად ტუჩებს და გაიძახიან, შემომხედეთ, რა ლამაზი ვარ, რა კარგი შესახედავი და როგორ შეიძლება, ასეთ ბიჭს არ მისცე ხმაო. ამით რომ ქვეყანა შენდებოდეს, სილამაზით, მაშინ მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ".