"ხელისუფლებას პატიმარივით მორჩილი ჯარისკაცი სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას პატიმარივით მორჩილი ჯარისკაცი სჭირდება"

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, ხელისუფლებას ჯარის ისეთივე მორჩილებაში ყოფნა სურს,

როგორც ამის გაკეთება საპატიმროებში შეძლო.

ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის კანდიდატურის საკითხი მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციაში არ წყდება და ახლა დიდი ალბათობით გასაგებია, თუ რა იყო მერაბიშვილის ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი მიზეზი.

"ხელისუფლების მთავარი ამოცანა ჯარის ისეთივე მორჩილებაა, როგორც ეს მან საპატიმროებში შეძლო. სხვა გამოცდილება ახალ სარდალს არ გააჩნია. ახალი მინისტრის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჯარი საპატიმროს დაემსგავსოს", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა გასაგებია თუ რატომ ცდილობდა ხელისუფლება ახალაიას წარმატებულ სახელმწიფო მოხელედ წარმოჩენას. ცისკარიშვილისავე აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ გენპროკურორის მოადგილე განათლების სისტემაში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან, როგორც დამნაშავეებთან, ისე ცდილობს ურთიერთობის სისტემის დამყარებას, ადვილი სავარაუდოა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაფრთიანებული თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯარისკაცებს დამნაშავეებივით მოექცევა.