"რაც ეპატიება სხვა ერს, არ გვეპატიება ჩვენ..." - კვირის პალიტრა

"რაც ეპატიება სხვა ერს, არ გვეპატიება ჩვენ..."

28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა

ილია მეორემ აღასრულა.

წირვის  შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში.

- საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც დიდი მადლია და დიდი პატივი. ასევე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. რაც ეპატიება სხვა ერს, არ გვეპატიება ჩვენ.

ადამიანი არის ცვალებადი. ადამიანის გონება არის ისეთი, რომ ერთ ადგილას ვერ გაჩერდება; თუმცა,  უნდა იცოდეს, საით წავიდეს და მისი მიზანი უნდა იყოს სასუფევლისკენ სვლა - აღნიშნა უწმინდესმა..

- დღეს ჩვენ შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს, რომელიც არის ჩვენი პატრონი, გვაკმაროს განსაცდელი, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქი ასევე გამოეხმაურა სასულიერო პირებთან დაკავშირებით ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციას. როგორც პატრიარქმა ბრძანა, საზოგადოება გამადიდებელი შუშით უყურებს სამღვდელოებას და განსაკუთრებით კრიტიკულად აღიქვამს ყველა შეცდომას, რომელიც მოსდის სამღვდელო პირებს.

თუმცა სამღვდელოებაც შედგება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. გთხოვთ, სამღვდელოებას შეხედოთ მოწყალე თვალით, როგორც უყურებთ თქვენს შვილებს, დედებსა და მამებს.

- სამღვდელოება ცდილობს, ემსახუროს ქვეყანას, გემსახუროთ თქვენ, ცდილობს, იყოს იმაზე უკეთესი ხვალ, ვიდრე არის დღეს, - ბრძანა ილია მეორემ.