უწმინდესმა ურჩია ახალგაზრდებს, დაუბრუნდნენ წიგნებს - კვირის პალიტრა

უწმინდესმა ურჩია ახალგაზრდებს, დაუბრუნდნენ წიგნებს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის სარდაფში საპატრიარქოს სტამბის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად დაესწრო.

სტამბა ერთი წელია დაარსდა და მასში იბეჭდება საღვთისმეტყველო, საეკლესიო წიგნები, ასევე ხატების რეპროდუქცია.

უწმინდესმა დამსწრეთ მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოება თანდათან უბრუნდება წიგნს. ბოლო ათეული წლის განმავლობაში, როგორც უწმინდესმა ბრძანა, წიგნმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ადამიანები უფრო ტელევიზიას იყვნენ მიჯაჭვული. პატრიარქი ბრძანებს, რომ წიგნი უნდა იყოს ადამიანისათვის პირველი მეგობარი და იგი ყოველდღე უნდა კითხულობდეს. უწმინდესმა ურჩია ახალგაზრდებს, დაუბრუნდნენ წიგნებს.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბავშვებისათვის წიგნის შესაყვარებლად უპირველესად საჭიროა მათთვის ზღაპრების წაკითხვა, რითაც მათ წიგნი შეუყვარდებათ. უწმინდესის სურვილია სტამბას სახელი დაარქვას და ამისთვის გაიხსენა იოანე ღვთისმეტყველის სახარებიდან სიტყვები: "პირველიდგან იყო სიტყვა".

კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ მისთვის სასურველი იქნებოდა, თუ ასეთი სახელი ექნებოდა სტამბას. "ეს სიტყვა მოაქცევს ჩვენს ერს", - ბრძანა უწმინდესმა.