პატრიარქი შვილმკვდარ დედებს შეხვდა - კვირის პალიტრა

პატრიარქი შვილმკვდარ დედებს შეხვდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შვილმკვდარ დედებს შეხვდა. შეხვედრას საკათედრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 300-მდე დედა ესწრებოდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მზია კაცაძემ უწმინდესს დედების სამადლობელი წერილები წაუკითხა. ისინი მადლობას უხდიდნენ პატრიარქს სულიერი სიბრმავისგან დაცვისათვის.

დედებს თავად უწმინდესმაც მიმართა. "მინდა, გავიმეორო ის, რაც თქვენთვის ადრეც მითქვამს. თქვენი შვილები ცოცხლები არიან, გახსოვდეთ", - ამ სიტყვების წარმოთქმა პატრიარქს გაუჭირდა, რადგან მას თვალზე ცრემლი მოადგა და რამდენიმე წუთი შვილმკვდარ დედებთან ერთად ტიროდა.

შემდეგ კი უწმინდესმა ურჩია მათ, თუ სურთ, მათმა შვილებმა ზეცაში გაიხარონ, დღესვე, შინ მისვლისთანავე, შავი ტანსაცმელი შეცვალონ.

ორგანიზაციამ, რომელიც უკვე 20 წელია, არსებობს, სამებაში უწმინდესს რამდენიმე მეტრი სიმაღლის გრანდიოზული ჯვარცმა და ცხრა ძმა ხერხეულიძის, მათი დედისა და დის ხატი აჩუქეს, როგორც სიმბოლო შვილმკვდარი დედებისა.