ახალი მაგისტრალი გამოცადეს - კვირის პალიტრა

ახალი მაგისტრალი გამოცადეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ გმირთა მოედანზე, ახალაშენებულ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ

მაგისტრალზე "ფორმულა 3"-ის მანქანებით გაიარეს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გმირთა მოედანზე ახალაშენებული ესტაკადა ხელს შეუწყობს თბილისში მოძრაობის განტვირთვას. "ეს არის უკეთესი ხარისხის გზა, ვიდრე გორის გზაა. "ფორმულა 3" ძალიან მგრძნობიარე მანქანაა და პატარა დაბრკოლებაზეც რეაგირებს. ჩვენ ეს გზა, ფაქტობრივად, დაუბრკოლებლად გადავლახეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

გიგი უგულავას თქმით, უკვე დასრულდა თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის გავლით ვერის ხეობამდე 400-მეტრიანი მონაკვეთისა და ვერეს ხეობიდან თამარაშვილის ქუჩამდე 3200 მ სიგრძის ოთხზოლიანი ბეტონის საფარის საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობა.

ივნისში დასრულდება თამარაშვილის ქუჩიდან შემოსასვლელი მეორე გზის მონაკვეთის, აგვისტოს ბოლოს კი - ტელევიზიის მიმდებარე კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის კვანძის შემაერთებელი 150-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.