არჩევნები ჩატარდა - კვირის პალიტრა

არჩევნები ჩატარდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობამ ოთხწლიანი ვადით თბილისის მერი და ახალი საკრებულოები აირჩია. 30 მაისის არჩევნებს 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II ხმის მისაცემად კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე წირვის შემდეგ მივიდა. "ღმერთმა ღირსეული ადამიანები აგვარჩევინოს", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ხმის მიცემის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, ვიდრე იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიზრდება უმოძრაობაში".

მერობის კანდიდატებიდან საარჩევნო უბანზე პირველი ირაკლი ალასანია მივიდა და განაცხადა, რომ ხმა ცვლილებებსა და სტაბილურობას მისცა. "იმედია, ჩვენი დემოკრატია უფრო გამყარდება და სახელმწიფო კი კიდევ უფრო ძლიერი გახდება ამ არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მისცა.

ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას თქმით, მან ხმა უკეთეს მომავალს მისცა. ქრისტიან-დემოკრატების საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ხმა მისცა იაფ ცხოვრებას, რათა ადამიანები სიდუხჭირეში აღარ ცხოვრობდნენ და იყოს ბევრი სამუშაო ადგილი.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განაცხადა,  დაფიქსირდა დარღვევები კასპის 35-ე, ასევე ნაძალადევის მე-4 და მე-18 უბნებზე. გიორგაძის ცნობით, კასპის 35-ე უბანზე გაურკვეველ ვითარებაში გატყდა საარჩევნო ყუთი, რომელიც საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით ახალი ყუთით შეცვალეს.

წალკის საარჩევნო ოლქის 25-ე უბანზე მაჟორიტარული არჩევნები არ ჩატარდა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა განმარტა, მოხდა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, უბანზე არ მიიტანეს ბიულეტენები მაჟორიტარული არჩევნებისთვის, რის გამოც წალკის 25-ე უბანზე არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა. მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ უბანზე მაჟორიტარული არჩევნები ორ კვირაში გაიმართება.

დარღვევებზე მიუთითებდნენ პარტიების საარჩევნო შტაბებში. "ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბის სპიკერ ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ისნის მე-5 ოლქის 46-ე უბანზე სადემონსტრაციო ოქმში გადასწორებული იყო ამომრჩეველთა რაოდენობა; ჩუღურეთის მე-7 ოლქის მე-17 უბანზე მარკირების სითხე არაეფექტური იყო; სამგორის მე-6 ოლქის 67-ე უბანზე კენჭისყრის შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აგიტაციას ეწეოდნენ, რაც ვიდეოკამერით დაფიქსირდა.

ჩიქოვანის განცხადებით, არარეალურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სპეცუბნებზე. "ელემენტარული არითმეტიკით რომ დავითვალოთ, მივიღებთ, რომ ამ უბნებზე 17 წამში ერთხელ აძლევდა ამომრჩეველი ხმას.

ეს არარეალური ციფრია და მიუთითებს იმაზე, რომ ამ უბნებზე აშკარა გაყალბებას აქვს ადგილი", - განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე ინფორმაციით, სპეცუბნებზე     კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და ფოტოგადაღებებიც აუკრძალეს.

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" წევრის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, გამოიკვეთა გაყალბების ორი მეთოდი, რომელთაც ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართავდა.

"ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს ხელზე წყალს ასხამდნენ, რაც მას საშუალებას აძლევდა, რამდენჯერმე მიეცა ხმა", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ბოჟაძეს თქმით, ხელისუფლება სამართალდამცველების საშუალებით ემუქრებოდა და ზეწოლას ახდენდა ოპოზიციის კანდიდატებსა და კომისიის ოპოზიციონერ წევრებზე.

"იყო ფარული თუ აშკარა სატელეფონო ზარები, მათ ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, რომ არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

რუსთავის 22-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და ქრისტიან-დემოკრატების დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, "ნაციონალების" აქტივისტები ამომრჩევლის აგიტაციას ეწეოდნენ.

ცესკოს მონაცემებით, დღის 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევანი 1 432 897 ამომრჩეველს ჰქონდა დაფიქსირებული, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობა 40,42%-ს შეადგენდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებში ხმების დაახლოებით 60% მიიღო გიგი უგულავამ, ირაკლი ალასანიამ - 17%, გიორგი ჭანტურიამ - 10%, ზვიად ძიძიგურმა - 6%, გოგი თოფაძემ - 5%.

პროპორციულ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 60%; "ალიანსი საქართველოსთვის" - 16%; "ქრისტიან-დემოკრატები" - 10%; "ეროვნული საბჭო" - 7%; "მრეწველები" - 5%.

ტელეკომპანია "პირველი არხის" დაკვეთით GfK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით, პარტიული სიით არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. მონაცემები ასე გამოიყურება: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 58%;  "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 18%; "ალიანსი საქართველოსთვის"" - 17%; "ეროვნული საბჭო" - 6,9%; "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 4%. დანარჩენება დაბალი მაჩვენებელი აჩვენეს.

თბილისის მერობის კანდიდატების მონაცემები ასე გამოიყურება: გიორგი უგულავა - 60%; ირაკლი ალასანია - 18%, გიორგი ჭანტურია - 7%; ზვიად ძიძიგური - 7% და გიორგი თოფაძე -  4%. დანარჩენებმა 1-1%-ის მიღებაც ვერ შეძლეს.

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მონიტორინგმა" 100 უბანზე 14 300 ამომრჩეველი გამოჰკითხა. ეგზიტპოლებთან შედარებით შედეგები კარდინალურად განსხვავებულია: ირაკლი ალასანია - 37%; გიორგი უგულავა - 32,58%; . პროპორციული სიით "ნაციონალური მოძრაობა" - 38,6%; "ალიანსი" - 33,41%.

ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო გამოაცხადებს არჩევნებიდან არა უგვიანეს 24 დღისა.

P.S. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილმა რუსულ პრესასთან საუბარში მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვება ზუსტად 60% "ივარაუდა".