დეპუტატი მერიას რეკეტში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

დეპუტატი მერიას რეკეტში ადანაშაულებს

დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დედაქალაქის მერიას მოსახლეობის რეკეტში ადანაშაულებს, რის გამოც უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავს.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, დედაქალაქის რამდენიმე ავტოსადგომზე დგანან შპს "ავტოპარკინგის'' უნიფორმაში გამოწყობილი მოქალაქეები, რომლებიც ავტომფლობელებისგან ავტომობილის გაჩერებისთვის 30 თეთრს იღებენ. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც პარლამენტში გამართული პოლემიკის შემდეგ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოსახლეობას განუცხადა, რომ წლიურად ისინი მხოლოდ 25 ლარს გადაიხდიდნენ.

ცაგარეიშვილის თქმით, "ავტოპარკინგის" ე.წ. თანამშრომლები ყოველ საღამოს გაურკვეველ პირებს 5-დან 20 ლარამდე აბარებენ, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში სულ 11 ათასი ავტოსადგომია, ეს თანხა საკმაოდ  სოლიდურია. დეპუტატს აინტერესებს, რომელი კანონის თანახმად მოქმედებს "ავტოპარკინგი'' და სად მიდის მოსახლეობისგან უკანონოდ ამოღებული თანხები. "სწორედ ასე მოქმედებდა "მხედრიონი" და ამას რეკეტი ჰქვია", - აცხადებს დეპუტატი.