დაბრუნება 33 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

დაბრუნება 33 წლის შემდეგ

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი საქართველოში ბოლოს 33 წლის წინ იყო. ცნობილი მსახიობის წინაპრები გორის რაიონის

სოფელ კორბიდან იყვნენ. ოლეგ ბასილაშვილმა გორში ნათესავები მოინახულა და იმედი გამოთქვა, რომ რუს და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა ისევ აღდგება.

"პოლიტიკოსი არა ვარ და ჩემთვის ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა პერსპექტივები აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ვიქნებით არა ერთ სახელმწიფოში, არამედ ჩვენი განწყობით", - განაცხადა ოლეგ ბასილაშვილმა. მსახიობის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსი ხალხისადმი ქართველი ხალხის კეთილგანწყობა არ შეცვლილა. 2008 წლის კონფლიქტს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე მძიმე კვალი არ დაუტოვებია და მათში შურისძიების სურვილი არ აღუძრავს.

"ქართველები ისეთივე კეთილგანწყობილები და სტუმართმოყვარეები არიან, როგორც ადრე. ქუჩაში მცნობენ და არ ყოფილა შემთხვევა, ერთი წამოძახილით მაინც გამოეხატოს ვინმეს უარყოფითი დამოკიდებულება. ეს კი იმის ნიშანია, რომ ქართველები დიდი კულტურის ხალხია"", - განაცხადა ბასილაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთისა და საქართველოს გაყოფა მისთვის საკუთარი სხეულის ორად გაყოფის ტოლფასია.