საქართველო და რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან - კვირის პალიტრა

საქართველო და რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ცნობით, მინსკის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქართული და

რუსული მხარეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართულ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილება-ევაკუაცია უნდა მოეხდინა. გარდა ამისა, მინსკის კონვენციით, რომელსაც საქართველომ ხელი 1993 წელს მოაწერა, ორივე მხარემ იკისრა ვალდებულება ერთმანეთისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ.

რუსეთს ასევე ევალებოდა, საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელზეც კონტროლი დაამყარა, მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობის დაცვა. "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა" რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებამონაცვლე პირთა სახელით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაგზავნა. მათი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომიდან თითქმის ორი წელია გასული, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ ჩატარებულა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.