"ბრიყვთა გართობა" გორში - კვირის პალიტრა

"ბრიყვთა გართობა" გორში

"სტალინის აპოლოგეტად ნურავინ ჩამთვლის, მაგრამ სტალინის ძეგლის დემონტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ისტორიის გადაწერის მცდელობა და ბრიყვთა

გართობა", - განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის შეფასებისას.

ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლება წინდაუხედავი ნაბიჯებით გაკვირვებისთვის ადგილს აღარ ტოვებს, "მაგრამ, როგორც ეტყობა, ჩვენი ხელისუფლების სისულელეთა მარაგიც ამოუწურავია".

სტალინის ძეგლის აღება გორის ცენტრში 30-მდე კაცმა გააპროტესტა, რომელთაც ხელისუფლების ქმედება გორელების შეურაცხყოფად მიიჩნიეს. "არ გაითვალისწინეს გორელების აზრი. გორელების უმეტესობა ძეგლის აღების წინააღმდეგია. გადაწყვიტეს ძეგლი ღამით გაეტანათ, რადგან მიხვდნენ, რომ დღისით ამის საშუალებას არ მივცემდით", - განაცხადეს გორის სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებმა.

გორის შემდეგ, სტალინის ძეგლი ტყიბულშიც აიღეს. 7-მეტრიანი ქანდაკება ქალაქის ცენტრში იმდენად მაღალ კვარცხლბეკზე იდგა, რომ გამგეობის შენობას თითქმის ფარავდა. ძეგლის აღებას რაიონში მოსახლეობის პროტესტი არ მოჰყოლია.