ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ხიდის ჩანგრევას, რომელიც სოფელ გლდანიდან ცხვარიჭამიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, ორი კაცი ემსხვერპლა.

ხშირი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ხიდს საყრდენი მაშინ გამოაცალა, როდესაც მასზე ავტომანქანა გადადიოდა. ხიდმა მგზავრებიც ჩაიყოლა. დაიღუპნენ 23 წლის ზურაბ ვარდანაშვილი და 50 წლის ზურაბ ვატიკაძე. დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მამაკაცი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. ორმა მოქალაქემ შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მოსახლეობის ინფორმაციით, ჩაინგრა კიდევ ერთი ხიდი, რომლითაც სატვირთო ავტომობილები სარგებლობდნენ, მაგრამ ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საბედისწერო ხიდი 80-იან წლებშია აგებული და როგორც მოქალაქეები ამბობენ, მას შემდეგ რეკონსტრუქცია არ ჩატარებია. ერთ-ერთმა ინჟინერმა, რომელიც ხიდის ჩანგრევისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, გაიხსენა, რომ ხიდის მშენებლობის დასრულებისთანავე მისი მთავარი მშენებელი ინჟინერი დააპატიმრეს და გაასამართლეს.