ტარიელ ონიანს განაჩენი გამოუტანეს - კვირის პალიტრა

ტარიელ ონიანს განაჩენი გამოუტანეს

2 ივლისს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ ტარიელ ონიანს და მის თანამზრახველებს

განაჩენი გამოუტანა 2009 წლის მარტში ჩადენილი დანაშაულის გამო. ბრალმდებლის ვერსიით, ბრალდებულებმა სმოლენსკის მოედნიდან მოიტაცეს მოსკოველი ბიზნესმენი ჯონი მანაგაძე, რომელსაც ონიანის მფარველობასა და მისთვის ხარკის გადახდაზე კარგა ხნის წინ ჰქონდა უარი ნათქვამი.

ბიზნესმენის გასათავისუფლებლად კანონიერმა ქურდმა 500 ათასი დოლარი მოითხოვა. 2009 წლის 21 მარტს გამოსასყიდის ნაწილის, 218 ათასი დოლარის მიღების შემდეგ მანაგაძე გაათავისუფლეს, მაგრამ მეორე დღეს შეუთვალეს, - თუ  გამოსასყიდს მთლიანად არ გადაიხდი, შენს 12 წლის გოგონას მოვიტაცებთო. ამის შემდეგ მანაგაძის მეუღლემ მილიციას მიმართა.

სასამართლომ ტარიელ ონიანს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით. მის თანამზრახველებს: სერგო აბუთიძეს - 15 წელი, ხოლო ალექსეი ზუბარევს - 8 წელი.