ოპოზიციის ლიდერები სასამართლო პროცესიდან გააძევეს - კვირის პალიტრა

ოპოზიციის ლიდერები სასამართლო პროცესიდან გააძევეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერები გააძევეს და 100-100 ლარით დააჯარიმეს.

გამსახურდიას ადვოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით, დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდნენ კონსტანტინე გამსახურდია, სანდრო ბრეგაძე, გია გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, ალეკო შალამბერიძე, სოსო შატბერაშვილი,  კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი და კოკა გუნცაძე. პოლიტიკოსების გარდა მოსამართლემ დააჯარიმა დაზარალებული დავით ბაჯელიძე და დარბაზში მყოფი სხვა პირები. სულ 40-მდე კაცი.

როგორც ბექაური აცხადებს, დარბაზში მყოფების დაჯარიმებამდე მოსამართლე მანანა ოთარაშვილმა პროცესიდან განსასჯელი ცოტნე გამსახურდია გააძევა. "მოსამართლემ გამსახურდიას არ მისცა წერილობითი განცხადების წაკითხვის შესაძლებლობა, რადგან მიიჩნია, რომ პოლიტიკური განცხადება იყო და ამის გამო დარბაზიდან გააძევა.

ამ ფაქტზე დაზარალებულმა ბაჯელიძემ პროტესტი გამოხატა და დარბაზი დატოვა. მოსამართლის დავალებით ბაჯელიძეს მანდატურები გაეკიდნენ, პირადობა ჩამოართვეს და დააჯარიმეს", - განაცხადა ბექაურმა. მოსამართლემ რეპლიკებისა და სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა მომღერალი გია გაჩეჩილაძეც, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.