"თქვენ მოგიწევთ დიდი ბრძოლა დემოკრატიისათვის" - კვირის პალიტრა

"თქვენ მოგიწევთ დიდი ბრძოლა დემოკრატიისათვის"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პირველად ეწვია თბილისს და პირველი შეხვედრა ქართველ ლიდერ ქალებთან გამართა.

"ვიცი, რომ საქართველოში ისტორიულად ქალებს სახელმწიფოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ. მე დიდ პატივს ვცემ თამარ მეფეს, რომელიც ოქროს ხანაში მართავდა საქართველოს. თქვენც შეგიძლიათ დღეს,  XXII საუკუნეში შექმნათ ოქროს ხანა აქ, საქართველოში. თქვენ მოგიწევთ ძალიან ბევრი მუშაობა და დიდი ბრძოლა დემოკრატიისთვის. თქვენ ეს ქვეყნის სიყვარულმა და მომავლის რწმენამ უნდა გაგაკეთებინოთ", - განაცხადა კლინტონმა.

ლიდერ ქალებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული გაფართოებული შეხვედრა შედგა, რასაც  პრეზიდენტ სააკაშვილისა და ჰილარი კლინტონის პირისპირ შეხვედრა მოჰყვა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კლინტონმა განაცხადა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ ათავისუფლებს რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისაგან. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ოკუპაციამ მაინც ვერ მოახდინა გავლენა ქართველი ხალხის სურვილზე, უკეთესი ქვეყანა აეშენებინა და უკეთესი მომავლისთვის ებრძოლა.