საპატრიარქო - თავი შეიკავეთ დევიდ ჰეთევეის შეკრებაში მონაწილეობისგან - კვირის პალიტრა

საპატრიარქო - თავი შეიკავეთ დევიდ ჰეთევეის შეკრებაში მონაწილეობისგან

საქართველოს საპატრიარქო ქართველ საზოგადოებას მოუწოდებს, დევიდ ჰეთევეის შეკრებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავოს. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებაში შეიქმნა არასწორი აზრი, თითქოს სწავლება, რომელსაც ჰეთევეი ავრცელებს, მართლმადიდებლობასთან კავშირშია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"დევიდ ჰეთევეი არის ერთ-ერთი ქრისტიანული დენომინაციის - ევანგელისტების წარმომადგენელი. ეს მიმდინარეობა დაახლოებით ორი საუკუნეა, ჩამოყალიბდა და თავისი არსით ყოვლად მიუღებელია როგორც მართლმადიდებელთათვის, ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ქრისტიანული აღმსარებლობებისათვის.

საქართველო ყოველთვის იყო და არის ტოლერანტული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიურ მიმდინარეობას აქვს შეკრების უფლება, აღმსარებლობისა და სიტყვის თავისუფლება, რასაც ისინი თავ-თავიანთ სამლოცველოებში დაუბრკოლებლად ახორციელებენ, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, არის აშკარა მაგალითი პროზელიტიზმისა, ანუ მცდელობა ადამიანების ფართო მასების თავის რწმენაზე გადაბირებისა", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ პროზელიტიზმი საერთაშორისო რელიგიათაშორისი კონვენციებითაც და ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარეც დაგმობილია.

საპატრიარქოს განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ეკლესიას 20-საუკუნოვანი ისტორია აქვს, მართლმადიდებლობის უარმყოფელი სწავლების წარმომადგენლის მიერ  ქრისტიანობის ასეთი საჯარო ქადაგება ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებაა.

"მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას, - საქართველოს ეკლესიის მრევლს, თავი შეიკავონ ამ და მსგავს რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ ჰეთევეი თბილისში, სპორტის სასახლეში გამოსვლას და ქადაგებას გეგმავს.