სასამართლო პროცესი განახლდება - კვირის პალიტრა

სასამართლო პროცესი განახლდება

7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ივლისს განახლდება.

განსასჯელების ადვოკატ მანანა კობახიძის განცხადებით, მომავალ სხდომაზე ელოდებიან "კავკასიის" თანამშრომლების, დავით აქუბარდიას, ნინო ჯანგირაშვილისა და ალეკო ელისაშვილის დაკითხვას. დასაკითხია ასევე ბექა მინდიაშვილი და თეო ხატიაშვილი. მისი თქმით, პრაქტიკულად უკვე დასრულდა მოწმის სტატუსით პოლიციელთა დაკითხვა.

"პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ვერც ერთი განსასჯელი ვერ ამოიცნო. ერთმა ბლიაძის ნაცვლად შალამბერიძეს დაადო ხელი. მათ განსასჯელების ამოცნობა ვერ შეძლეს", - განაცხადა კობახიძემ.

განსასჯელებს - შოთა აფხაიძეს, რატი მაისურაძეს, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს და ჯაბა გურჩიანს ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.