აქციის სამი მონაწილე დააკავეს - კვირის პალიტრა

აქციის სამი მონაწილე დააკავეს

"სამართალდამცავებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე სამი პირი დააკავეს", - განაცხადა კონსერვატიული პარტიის" წევრმა

ლაშა ჩხარტიშვილმა. მისი ინფორმაციით, კოდორის ხეობიდან დევნილი სამი მამაკაცი: ოთარ ჩხეტიანი, მისი ძმა რომან ჩხეტიანი და რამაზ გერლიანი ქაშუეთის ეკლესიის წინ მაშინ დააკავეს, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდნენ.

ინციდენტის თვითმხილველის, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრის, ნატო კოხიაშვილის განცხადებით, ძმები ჩხეტიანები და გერლიანი სამოქალაქოსამოსიანმა სამართალდამცავებმა ორ ავტომანქანაში ძალით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ეს დევნილებზე ანგარიშსწორებაა, რაც მათ დაშინებას ისახავს მიზნად.

მოგვიანებით სამივე პირი პოლიციის მთაწმინდის განყოფილებამ გაათავისუფლა.