"ავტოპარკინგის" დამფუძნებლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

"ავტოპარკინგის" დამფუძნებლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძალვაში ბრალდებულ შპს "ავტოპარკინგის" დამფუძნებლებს: იური ბარბაქაძეს, დიმიტრი ჭელიძეს, მამუკა აფციაურსა და ხვიჩა

წკეპლაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, გამოძალვაში ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს "ავტოპარკინგი" და როგორც ავტოსადგომის მორიგეებს ეუბნებოდნენ, მოგებული ტენდერის შესაბამისად თბილისში ავტოსადგომების მოწყობის ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ.

ისინი მორიგეებისგან მოითხოვდნენ "ავტოპარკინგთან" ხელშეკრულების გაფორმებასა და მიღებული ანაზღაურების სრულად გადაცემას, რის შემდეგაც თანხის 20% ხელფასის სახით  დაუბრუნდებოდათ. სადგომიდან გაგდების მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით ავტოსადგომის მორიგეები მათ ყოველდღიურად უხდიდნენ თანხას.