რა დააშავა გობეჯიშვილმა? - კვირის პალიტრა

რა დააშავა გობეჯიშვილმა?

საქართველოს პრეზიდენტს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სხვადასხვა უწყებაში არსებული ბიუროკრატია მიაჩნია. "ჩვენი მთავარი პრობლემა არის არაპროფესიონალიზმი, ბიუროკრატიზმი, გადაწყვეტილების მიღების შიში და გადაწყვეტილების მიღების გადავადება.

ამას ბოლო უნდა მოვუღოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის თქმითაც დახავსების საფრთხე სახელმწიფო აპარატს მუდმივად ემუქრება და ეს მეტ-ნაკლებად ყველა სამინისტროსა და უწყებაზე ითქმის.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გობეჯიშვილს წერილით მიმართა ბიზნესმენმა, რომელიც 3 ათასი კვმ მიწის ყიდვასა და 9-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა, მაგრამ წერილზე პასუხს 3 თვის განმავლობაში ელოდა.

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წაიკითხა ინვესტორისათვის მიწერილი ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის წერილი: "ქალაქ ფოთში მითითებულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის უნდა მიგემართათ არა ეკონომიკის სამინისტროსთვის, არამედ ქალაქ ფოთის მერიისთვის" და ამ წერილის დაწერას გრიგოლ გობეჯიშვილმა რამდენიმე თვე მოანდომა.

გრიგოლ გობეჯიშვილის წერილი, რომელზეც პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, მას თავად ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ვერა ქობალიამ მიაწოდა.