ყაბარდოელებმა რუს სამხედრო მაღალჩინოსანს სცემეს
გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ყაბარდოელ მშენებლებსა და რუს სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.
ყაბარდოელები ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის მშენებლობაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ხელფასი სამი თვეა არ აუღიათ. 27 ივლისს მშენებლებმა მუშაობა შეწყვიტეს და რუს სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრა მოითხოვეს.
მშენებლებთან ერთ-ერთი რუსული ქვედანაყოფის შტაბის წარმომადგენლები გამოცხადდნენ და ყაბარდოელებს ცინიკურად განუცხადეს, თუ 2 საათის განმავლობაში მუშაობას არ გააგრძელებთ, ძალის გამოყენებით გაიძულებთო.
კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც მძიმედ დაშავდა რუსული ქვედანაყოფის შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა სამხედროებმა კი 6 ყაბარდოელი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს და მშენებლებს ერთი თვის ხელფასიც გადაუხადეს.