ბორჯომის ხეობაში ხანძრის საშიშროება კვლავ არსებობს - კვირის პალიტრა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის საშიშროება კვლავ არსებობს

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ცეცხლის ბოლომდე ლიკვიდირება ჯერ ვერ ხერხდება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პაპუნა ხაჩიძის განცხადებით, სადაც მეხანძრეები შესვლას ვერ ახერხებენ, ავიაცია მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციოდ დაახლოებით 160 მეხანძრე მუშაობს.

სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა ფართობი. ხაჩიძე არ გამორიცხავს, რომ ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ ეს მონაცემი გაიზარდოს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ერთი ვერსიით ცეცხლი მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. ბორჯომის ხეობაში ხანძარი 31 ივლისს გაჩნდა. ტყიდან მოულოდნილად ამოვარდნილი ალი პირველად სასულიერო პირებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურებს აცნობეს.