ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - კვირის პალიტრა

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას ხელს 7 პოლიტიკური პარტია აწერს. "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატიული პარტია", "ახალი მემარჯვენეები",

"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკური პარტია, "საქართველოს გზა" და ხალხის პარტია მიიჩნევენ, რომ თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ორგანოების ფორმირება კვლავ ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ-ერთ  გამოწვევად რჩება.

"ამ პრობლემის გადაჭრა, პირველ რიგში, ქართველი საზოგადოების აქტიურობასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას.

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ორგანიზაციის სურვილს, ხელი შეუწყონ საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარება", - ნათქვამია განცხადებაში.