დაღუპული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა - კვირის პალიტრა

დაღუპული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს მხნეობისა და გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და ახალგახსნილი ეკლესია დაათვალიერა.

"ამ ოჯახებმა გაუძლეს ყველანაირ წნეხს. ეს არის ყველაზე დიდი ძეგლი, რომელიც ჩვენი ბიჭების ხსოვნას დაუდგეს. საქართველო ამაყობს ქართველი ჯარისკაცების გმირობითა და თავგანწირვით, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, მტერმა ვერ მიაღწია გეოპოლიტიკურ მიზანს.

ჩვენმა ბიჭებმა დაანახვეს მტერს, რომ საქართველოს შეუძლია ბრძოლა ათჯერ უფრო აღმატებულ მტერთან. მტერმა ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დამხობა, ეს იყო მისი მთავარი მიზანი. მას ხელისუფლების დამხობა ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესაცვლელად სურდა. საქართველოს პოლიტიკური კურსი განმტკიცდა და შეუქცევადია. მტერმა ვერ მოახერხა საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია".