"ჩვენი ბრძოლა გრძელდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ბრძოლა გრძელდება"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებული განცხადება გააკეთა კოლუმბიაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში რუსული აგრესია 2008 წელს არ დაწყებულა: "ეს აგრესია დღემდე არ არის დამთავრებული და ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, ვიდრე უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს მიწას".

მისივე თქმით, 2008 წელს ქართველ ჯარისკაცებს საკუთარი სიცოცხლის ფასად, იარაღით ხელში მოუხდათ ქვეყნის ღირსების, თავისუფლებისა და მომავლის დაცვა.

"თუნდაც ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ყოველდღიურად იბრძოლოს შინ თუ საზღვრებგარეთ საქართველოს გასაძლიერებლად. ყველგან უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია. არც ერთი დღე არა გვაქვს დასაკარგი, სანამ საქართველოში დგას მტერი, სანამ საქართველოს მიწა ოკუპირებულია და არ არის თავისუფალი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ისტორიული ამოცანაა, ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს: "ჩვენ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და გავათავისუფლებთ საქართველოს!".