ბუშის ქუჩაზე დაკავებულებს სასამართლომ 400-400 ლარის გადახდა დააკისრა - კვირის პალიტრა

ბუშის ქუჩაზე დაკავებულებს სასამართლომ 400-400 ლარის გადახდა დააკისრა

13 აგვისტოს ჯორჯ ბუშის ქუჩაზე ქართველი პოეტების მიერ გამართული საპროტესტო აქციის დროს პოეტი ირაკლი კაკაბაძე თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს.

მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს ბრალი.

პოეტები საქართველოში ჯორჯ ბუშის ქუჩის არსებობას აპროტესტებდნენ და აღნიშნული ქუჩისათვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა შავი საღებავით შეღებეს აბრა, რომელზეც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში-უმცროსია გამოსახული.

ისინი სამართალდამცველებმა სწორედ მაშინ აიყვანეს, როდესაც პოლიციის გამოჩენისას ლექსი - "ძაღლებო, ძაღლებო" - წაიკითხეს. მოგვიანებით საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად ადმინისტრაციული ჯარიმა - 400-400 ლარი შეუფარდა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კი დაკავებულები - ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს.