საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს - კვირის პალიტრა

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, წინ აღუდგეს გეიაღლუმს, რომელიც თითქოს თბილისში ან ბათუმში უნდა ჩატარდეს.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია  II -ის ლოცვა-კურთხევით ვაცხადებთ შემდეგს: 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, 100000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და სრულიად დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს.

გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენნიც ამისგან სინანულით, აღსარებითა და ზიარებით უნდა გათავისუფლდნენ, რათა "ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელ რისხვას" გადაურჩნენ" (რუის-ურბნისის კრება).

საერთოდ ცოდვა და მისი თითქმის ყველა გამოვლინება კაცობრიობის განვითარების მთელ მანძილზე არსებობდა, მაგრამ არც ერთ დროს იგი ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა. დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება.

ჩვენ ასევე ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობისა და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა, რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, რომ იგი არ იქცეს საშინელი ცოდვისა და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად. დავდგეთ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, რათა ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.