წიგნების ქურდები დააკავეს - კვირის პალიტრა

წიგნების ქურდები დააკავეს

თბილისის მთავარი სამმართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ორგანიზებული

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

დაკავებული არიან საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი და 1948 წელს დაბადებული რობერტ  მნაცაკანოვი, რომლებსაც ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებიდან ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე  უნიკალური XVIII-XIX საუკუნის წიგნები ფარულად გამოჰქონდათ. ეჭვმიტანილები წიგნებზე ბიბლიოთეკის შტამპს შლიდნენ და შუამავლების მეშვეობით ყიდდნენ  როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენის ფაქტზე დააკავეს  სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" დირექტორი, 1974 წელს დაბადებული არჩილ გელოვანი, რომელიც სისტემატურად ყიდულობდა საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებიდან გატაცებულ წიგნებს.

ზურაბ ეცადაშვილის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ყუთებში გასაყიდად გამზადებული 2500-მდე წიგნი, ხოლო რობერტ მნაცაკანოვის ბინის ჩხრეკისას კი 52 წიგნი აღმოაჩინეს.

არჩილ გელოვანის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ეროვნული არქივისა და სხვა ბიბლიოთეკებიდან გატაცებული XIX საუკუნეში დასტამბული 41 წიგნი.