რამ გამოიწვია პურის გაძვირება - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია პურის გაძვირება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ქვეყანაში პურის ფასის ზრდა, ერთი მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტმა,

მეორე მხრივ კი მისმა გაძვირებამ გამოიწვია. თუმცა, მინისტრის მტკიცებით, საქართველოს ბაზარზე ხორბლის დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს.

"საქართველოში მოხმარებული ხორბლის 85% იმპორტირებულია, მაგრამ საკმარისი მარაგი გვაქვს საიმისოდ, რომ შიდა ბაზარზე ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნას და მოსახლეობაში პანიკას არ დაიწყოს", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.

პურის საცალო ფასმა უკვე 10 თეთრით მოიმატა. შპს "იფქლის" გენერალური დირექტორის შაქრო ბაკურაძის განცხადებით, როცა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 15 ლარით იმატებს, საცალო პურის ფასიც 15 თეთრამდე იზრდება. "ჩვენ დავზოგეთ მომხმარებელი და პროდუქტი 15 თეთრით არ გავაძვირეთ, მაგრამ თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 1-2 ლარით კიდევ მოიმატებს, მაშინ იძულებული გავხდებით, პური კიდევ 5 თეთრით გავაძვიროთ", - განაცხადა ბაკურაძემ.

"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრი, დეპუტატი პეტრე მამრაძე ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის გაკონტროლებაში ადანაშაულებს. როგორც მამრაძემ განაცხადა, პურის გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით არ არის ნაკარნახები.  "ამ ბიზნესზე მონოპოლია ხელისუფლებას აქვს.

პური, რომელიც დღეს ცხვება საქართველოში, ადრე შემოტანილი ხორბლისგან მზადდება. მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ექსპერტები პურის ფასის ზრდას უფრო ოქტომბერ-ნოემბერში ვარაუდობდნენ. პურის ფასის ნაადრევი ზრდა არჩევნების შემდეგ ბიუჯეტის შევსებას უკავშირდება", - განაცხადა მამრაძემ, რომლის თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა.