სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - კვირის პალიტრა

სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სასერტიფიკაციო გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10000-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა, მათგან გამოცდა მხოლოდ 1147-მა პედაგოგმა ჩააბარა.

პედაგოგები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მუშაობას გააგრძელებენ, მათ 2014 წლამდე რამდენჯერმე მიეცემათ საშუალება, განმეორებით გამოცდაზე გავიდნენ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, მინისტრის განცხადებით, არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, მენტორმასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობაც მიეცემათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს.

ასევე, ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში -"ასწავლე საქართველოსთვის", რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც კვალიფიციური კადრების  დეფიციტია. აქ პედაგოგები,  ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 500 და 1.000-ლარიან დანამატს მიიღებენ.

არასახარბიელო მაჩვენებელი დაფიქსირდა ეროვნულ გამოცდებზეც. "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრისა და საკრებულოს განათლების კომისიის ხელმძღვანელ ნინო გოგუაძის განცხადებით, გამოცდების შედეგები იმ გაუაზრებელი საგანმანათლებლო რეფორმის ბრალია, რომელიც განათლების სისტემაში ალექსანდრე ლომაიას მინისტრობის დროს დაიწყო. მისი თქმით, საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც პროექტ "ილია ჭავჭავაძის" სახელით არის ცნობილი და რომელსაც გიგი თევზაძე ხელმძღვანელობდა, სწორედ ლომაიას მინისტრობისას დაიწყო.

"ამ რეფორმის შედეგად სკოლამ დაკარგა ფუნქცია. თუკი პედაგოგი არ გივარგა, არ გივარგა მოსწავლეც - ეს ერთი ჯაჭვის შემადგენელი რგოლებია", - განაცხადა გოგუაძემ.

შაშკინის განცხადებით, ახალი სასწავლო წელი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყება - დადგინდა სწავლის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული ვადები, რომელიც მომავალში აღარ შეიცვლება. სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს და დასრულდება 15 ივნისს, გარდა I და XII კლასელებისა, - ისინი სასწავლო წელს 20 მაისს დაამთავრებენ; ზამთრის არდადეგები დაიწყება 27 დეკემბერს და დასრულდება 20 იანვარს.

სააღდგომო არდადეგები დაიწყება დიდ ხუთშაბათს და დასრულდება მომდევნო კვირის ოთხშაბათს. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები გადადიან ძველებურად სემესტრულ სწავლებაზე (განისაზღვრა 2 სემესტრი).