ტყიბულში მეორე აფეთქებამ 3 კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტყიბულში მეორე აფეთქებამ 3 კაცი იმსხვერპლა

27 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა შვიდი მაღაროელი.

დაზარალებულთაგან ხუთი თბილისის დამწვრობის ცენტრში, ორი კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. აფეთქების დროს მაღაროში 11 მუშა იმყოფებოდა, უვნებლად მხოლოდ ერთი გადარჩა.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია. მერაბიშვილის განცხადებით, ყველა დეტალი დაწვრილებით იქნება გამოძიებული, დაღუპულებისა და დაზარალებულების ოჯახებს კი სახელმწიფო დაეხმარება.

წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში მეთანგაზი აალდა. ტყიბულელები ამბობენ, რომ მაღაროებში ხალხს უსაფრთხოების ნორმების დაუცველად ამუშავებენ, ამიტომაც მსგავსი ტრაგედია შეიძლება კიდევ განმეორდეს. მიმდინარე წელს მაღაროებში მეორე აფეთქება მოხდა. 2010 წლის 3 მარტის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ექიმების განმარტებით, დაზარალებულების მდგომარეობა უმძიმესია და დაზიანებები შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.