პირის ამოკერვის კვირეული - კვირის პალიტრა

პირის ამოკერვის კვირეული

აფხაზეთიდან დევნილებმა და ერთ-ერთმა პატიმარმა ქალბატონმა გასულ კვირას შეთანხმებულებივით ერთდროულად ამოიკერეს პირები. დევნილ რამაზ არონიას

თქმით, მოშიმშილეები მოითხოვენ, რომ შედგეს ოფიციალური დოკუმენტი მათთვის საცხოვრებელი ფართობის გადაცემის თაობაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციას არ შეწყვეტენ. პატიმარმა ანა მაზანაშვილმაც, რომელიც ქალთა კოლონიაში უკვე 4 წელია სასჯელს იხდის, პროტესტის ნიშნად ამოიკერა პირი. მისი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, პატიმარი მიიჩნევს, რომ სრულად აკმაყოფილებს შეწყალების მოთხოვნებს, საბუთებიც გაგზავნა, თუმცა კომისიამ მისი საქმე არ განიხილა.

"ამ ქალბატონს ჰყავს სამი შვილი, მოხუცი მამა და სოციალურად გაჭირვებული ოჯახიდანაა. იგი არ აღიარებს დანაშაულს და მიაჩნია, რომ სასჯელს უსამართლოდ იხდის", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, მაზანაშვილის საქმე ორი წლის წინ გაიგზავნა სტრასბურგში და განხილვას ელოდება. ანა მაზანაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალი ტრეფიკინგში ედება. პატიმრის ადვოკატის თქმით, გორელმა ანა მაზანაშვილმა თურქეთიდან გამოქცეული სამი ყაზახი გოგონა შეიფარა და ეს ტრეფიკინგად მონათლეს.