კომოროვსკი და ტუსკი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ?! - კვირის პალიტრა

კომოროვსკი და ტუსკი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ?!

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ, შესაძლოა, ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

პროკურატურა ეჭვობს, რომ ბრონისლავ კომოროვსკი და დონალდ ტუსკი სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების პროცესში ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. პოლონეთის სამხედრო პროკურატურა ამჟამად რუსული მხარის მიერ გადაცემულ მასალებს სწავლობს.

ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანა ფოტიგამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში პოლონეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა:

"გამომდინარე იქიდან, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემი შეხედულებები საქართველოს მიმართ რადიკალურად განსხვავდება, გაცნობებთ, რომ ვეღარ ვიმუშავებ ამ მნიშვნელოვან პოსტზე", - აღნიშნულია ანა ფოტიგას მიერ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ რადოსლავ სიკორსკისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც გაზეთი "გაზეტა ვიბორჩა" აქვეყნებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ გამოცემა "რჟეპოსპოლიტას" განუცხადა, რომ საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს პოლონეთის ისეთი კეთილგანწყობის იმედი, როგორიც ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დროს ჰქონდა.