კოკოითი ქართველების სახლებში ოსების ჩასახლებას აპირებს - კვირის პალიტრა

კოკოითი ქართველების სახლებში ოსების ჩასახლებას აპირებს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საცხოვრებელი ფართის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ელეონორა ბედოევას განცხადებით, ახალგორის რაიონში 90 ოსური დევნილი ოჯახი დაბრუნდება. ბედოევას მტკიცებით, ისინი 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორის რაიონიდან გააძევა, შემდეგ კი მათი სახლები ქართველებმა მიითვისეს.

ძირძველი ქართული სოფელის, თამარაშენის ტერიტორიაზე კი  ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ძალოვნების ოჯახები დასახლდებიან. 2008 წლის რუსულ-ქართული დაპირისპირების შემდეგ მოსკოვის მერიის დაფინანსებითა და იური ლუჟკოვის მხარდაჭერით თამარაშენის ტერიტორიაზე აშენდა ე.წ. "მოსკოვსკის" მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც სამხედრო მოსამსახურეები და ომში დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა უნდა შესახლებულიყო. ოსური მედიის,  "ოსინფორმის" ინფორმაციით, ე.წ. "მოსკოვსკის" მიკრორაიონის საცხოვრებელ კორპუსებში ბინები უკვე განაწილებულია.