"სპეცოპერაცია "`რთველი 2010" - კვირის პალიტრა

"სპეცოპერაცია "`რთველი 2010"

"კახეთში სპეცოპერაცია"რთველი 2010" დაიწყო," - ამ სათაურით გაავრცელა სტატია "ამერიკის ხმამ". კახეთში რთველს წინ  უძღვის პოლიციის გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ღვინის ქარხანამ ჩაიბაროს ყურძენი, თუნდაც მისი ბიზნესინტერესების საზარალოდ. "სახელმწიფოს ინტერესი მარტივია: ყურძნის ჩაბარებისას მინიმუმამდე შემცირდეს კახელი გლეხების უკმაყოფილება, რომ ეს ყველაფერი სოციალურ აფეთქებაში არ გადაიზარდოს", - ნათქვამია სტატიაში.

"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, კახეთში პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. სამართალდამცავებს სოფლებში პატრულირების გაძლიერება და ღვინის ქარხნებთან 24-საათიანი მორიგეობა დაევალათ, თუმცა რეგიონში პოლიციის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი უარყოფს.

კახეთში 85584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. 1 კგ საფერავის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითლის - 40 თეთრი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო.